საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლაა.
შეხვედრაზე იმყოფება „გირჩის“ წარმომადგენელი ირაკლი მეგრელიშვილი. ასევე, პრეზიდენტთან შესახვედრად მივიდნენ „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
მამუკა ხაზარაძის თქმით, მათ აინტერესებთ პრეზიდენტის მოსაზრება შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის პოზიცია. მე მგონი, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ასევე, პრეზიდენტს დღეს შეხვდება ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე. ხოლო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პროტესტის ნიშნად შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს უკვე შეხვდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს. ასევე, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ელოდებიან ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძეს.