საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეიდან პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ შეხვედრებს დაიწყებს. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მაღალი დონის შეხვედრაა დაგეგმილი. ვარშავაში პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართავს. თავდაპირველად პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც მხარეები გაფართოებულ ფორმატში შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის შემდეგ კი დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალსა და პოლონეთის სეიმის თავმჯდომარესთანაც გამართავს შეხვედრას.
საქართველოს პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით ვარშავას გუშინ საღამოს ეწვია. პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში ორდღიანია.