საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან – პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და პირველ ვიცე-პრემიერ არტან გრუბისთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება ორ დოკუმენტს – შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მემორანდუმს „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
ასევე, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიაში მოღვაწე ქართველ სპორტსმენებთან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.