საქართველოს პრეზიდენტი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში შიმონ პერესის მშვიდობისა და ინოვაციების ცენტრს ეწვია და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებს გაეცნო. ცენტრში, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ისრაელის ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია წარმოადგენს, პრეზიდენტს მასპინძლობა ცენტრის თავმჯდომარემ შიმონ პერესის ვაჟმა, ხემი პერესმა გაუწია.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში ისრაელთან თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ თავისი ცხოვრების ბოლო წლებში შიმონ პერესი ამ ცენტრში მუშაობდა. საქართველოს პრეზიდენტმა მისი სამუშაო ოთახი დაათვალიერა.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ქალაქ იერუსალიმში მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება. პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ისარელელ კოლეგასთან და ადგილობრივი მთავრობის უმაღლეს პირებთან.