ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილებების გამო, რომელიც აახლოებს საქართველოს ევროპასთან, მაგრამ ამავე დროს საქართველო ელოდება უფრო მეტ მხარდაჭერას, როცა საკითხი ოკუპაციას ეხება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან განახლებული დაძაბულობა მიუთითებს, რომ არსებული სტატუს-კვო მიუღებელია და ხელს არ უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას. მისი თქმით, საჭიროა დეესკალაცია და ჟენევის მოლაპარაკებების განახლება, რაშიც ევროპა უნდა იყოს უფრო აქტიურად ჩართული, რათა ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე მოძრაობას.