სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის თებერვალში გასული წლის თებერვალთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.8 პროცენტით განისაზღვრა.„საქსტატის“ ცნობით, 1 წლის განმავლობაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.95 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე - 25.1 პროცენტით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე - 19.2 პროცენტით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე - 15.1 პროცენტით. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 11.2 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული - 11.1 პროცენტით, თევზეული 10.3 პროცენტით არის გაძვირებული, ამასთან, მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების ჯგუფში ფასი - 8.7 პროცენტით, ზეთსა და ცხიმზე - 7.4 პროცენტით, პურსა და პურპროდუქტებზე - 5.6 პროცენტით, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე კი 5 პროცენტით არის გაზრდილი. „საქსტატის“ ცნობით, მოცემულ პერიოდში სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საზოგადოებრივ კვებაზე, ისე ღამის გასათევით მომსახურებაზე.