თბილისის საკრებულოში "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული წიგნის, "საქართველოს სამხედრო ისტორიის" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიაა. ნარკვევების კრებული ავტორმა პრეზენტაციაზე პირადად წარადგინა. წიგნი დიდი მონოგრაფიის ნაწილია და სრულიად მიეძღვნა საქართველოს სამხედრო ისტორიას. მასში თავმოყრილია მე-9 და მე-20 საუკუნეებში განვითარებული მოვლენები, ასევე წარმოდგენილია ბიოგრაფიული ნარკვევები გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ფაქტების შესახებ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, ისტორიკოსები, ხელოვნების სახლის დირექტორი გიორგი კალანდია და სხვა პირები.