საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მზაობის მკაცრ კონტროლს ავალებს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა ასევე დავალება მისცა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, უახლოეს პერიოდში წარმოადგინონ საკრედიტო-საგარანტიო სქემა პოსტკრიზისულ პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად.
გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის სოლიდარობის აქტს, რომლის თანახმად, "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი ხელფასის მესამედს სამი თვის განმავლობაში სპეციალურ ფონდში გადარიცხავს.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს დედაქალაქის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის და სოზარ სუბარს დაავალა, ანალოგიური სამუშაოები განხორციელდეს რეგიონულ ცენტრებში.