კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება. განხილვა სატელევიზიო ფორმატში შედგება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ. მისივე თქმით, "კოვიდ 19"-ის გავრცელების გამო მსოფლიოს დღის წესრიგი შეიცვალა და სწორედ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელთა რეკომენდაცის საფუძველზე დაიგეგმა, რომ საყოველთაო განხილვა არა საზოგადოებაში გასვლის გზით, არამედ ტელეკომუნიკაციის საშუალებით მოხდეს.
განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიციის ნაწილი. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ თუკი 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.