საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია, დღეს, არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქეების ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგიშვილის კონსტიტუციურ სარჩელებს, რომლითაც გასაჩივრებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანანოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. მოსარჩელეები ითხოვენ, სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანანოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ აწესებენ თავისუფლების აღკვეთას.