2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 933.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.4 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 2 112.1 მლნ. აშშ დოლარს (37.5 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 4 821.5 მლნ. აშშ დოლარს (37.3 პროცენტით მეტია) შეადგენს.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-მაისში, 2 709.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.1 პროცენტია.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 024.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (783.1 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (764.2 მლნ. აშშ დოლარი).