შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა საქმიანობის უფლება 159 ფიტნეს ცენტრს და 82 აუზზე გასცა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განცხადებით, გრძელდება ობიექტების შემოწმება კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რაც მათთვის საქმიანობის უფლების მინიჭების წინაპირობაა.
პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან, ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო და დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება.
რაც შეეხება აუზებს, რეკომენდაციების თანახმად, ყველა ტიპის აუზზე შეზლონგებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. ამასთან, შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. კვლავინდებურად სავალდებულოა პირბადეების ტარება.