სახლი თავისი ავტოფარეხით, სადაც ჯეფ ბეზოსმა კომპანია Amazon-ი დააარსა, იყიდება. სახლი, რომელიც ერთ-ერთ მდიდარ რაიონში, სიეტლში მდებარეობს. 1954 წელს აშენდა და 2001 წელს განახლდა. მას აქვს სამი საძინებელი და ტერასა ჯაკუზით. უძრავი ქონების მთლიანი ფართობი 143 კვადრატული მეტრია. ჯეფ ბეზოსის სახლი 1.5 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ამ სახლში 90-იან წლებში ჯეფ ბეზოსმა კომპანია Amazon-ი დააარსა.
ავტოფარეხი რემონტის გამო შეიცვალა და ბეზოსის დროინდელს არ ჰგავს, თუმცა დიდი საფოსტო ყუთი, რომელიც თავად ბიზნესმენმა დააყენა, ისევ არსებობს. ინტერნეტმაღაზია Amazon 1994 წლის 5 ივლისს შეიქმნა. საზოგადოების ნაწილი მას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა კომპანიის განვითარების ტემპი საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა. ავტოფარეხში თავიდან ბეზოსი, მისი მეუღლე მაკენზი და რამდენიმე თანამშრომელი მუშაობდა. თავდაპირველად კომპანია ინტერნეტით წიგნებს ყიდდა.
2018 წელს კომპანია ამაზონი Apple-ის შემდეგ მეორე იყო, რომლის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს მიაღწია. Forbes-ის ინფორმაციით, ბეზოსი 131.6 მილიარდი დოლარის მფლობელია და იგი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია.