სახელმწიფოს ავლაბრის სასახლისა და ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის შენახვა თვეში, საშუალოდ, 190 ათას ლარზე მეტი უჯდება. "პალიტრანიუსმა" ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა. აღნიშნული თანხიდან, დაახლოებით 134 ათასი ლარი სჭირდება ყოველთვიურად ავლაბრის სასახლის მოვლა-პატრონობას, 57 ათასი ლარი კი ათონელის რეზიდენციის შენახვას. ამ ხარჯებში შედის როგორც კომპლექსის კომუნალური და სხვა სახის ტექნიკური ხარჯები, ასევე შენობის დაცვაზე განაწილებული პერსონალის შრომის ანაზღაურება. რაც შეეხება ჯამურ ხარჯებს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით - 4 თვეში ავლაბრის სასახლესა და ათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციაზე ჯამურად, 3 478 795 ლარი დაიხარჯა, ყველაზე დიდი ხარჯი კი ამ პერიოდში ათონელის რეზიდენციაზე 2018 წლის დეკემბერში გაიწია და მან 2 673 940 ლარი შეადგინა. ამ თანხის უმეტესობა - 2 656 514 ლარი შენობა-ნაგებობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.