ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლომ დამნაშავედ სცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა გამოაცხადა. ბრალდებულ არასრულწლოვანს პატიმრობა 15 იანვარს, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა. მან პენიტენციურ დაწესებულებაში 9 თვე გაატარა. გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება. კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.