შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.1%-ით გაიზარდა. კერძოდ, უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 64, ხოლო 2020 წლის იანვარ-ივლისში 39 ფაქტი დაფიქსირდა.
ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ შვიდ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 378 ფაქტი დაფიქსირდა, 2020 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 343 იყო.
ამასთან, უწყების ცნობით, სტატისტიკურად 2021 წლის იანვარ-ივლისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 193 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა 2021 წლის იანვარ-ივლისში 23 - ქრთამის აღების; 64 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 37 – სამსახურებრივი გულგრილობის; 31 - სამსახურებრივი სიყალბის და 6 - ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა.