"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თაღლითობაში მხილებული პირების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შეზღუდვას ითხოვს. ორგანიზაციის ანალიტიკოსის განცხადებით, საქართველოში კორუფციისთვის გასამართლებულ ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები ტენდერებში იმარჯვებენ და ხელისუფლებისგან მილიონობით ლარს იღებენ. ბესო ნამჩავაძის განმარტებით სახელმწიფო შესყიდვებში დღეს მოქმედი სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ტენდერებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი კომპანიების მიმართ ზედმეტად ლმობიერი მიდგომაა. ნამჩავაძე თვლის, რომ ასეთი პრობლემების პრევენციის ერთადერთი გზა "შავი სიაა", რომელშიც მოხვედრილ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.