შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
თეა ახვლედიანმა ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა და შეკრებილებთან ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელა.
სახელმწიფო მინისტრი ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრის-ხელოვნების სკოლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნო, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე რვა წელია ფუნქციონირებს, რის შემდეგაც მინისტრი სოფელ ნიქოზის ამბულატორიას ეწვია და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
სახელმწიფო მინისტრი ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმსაც ესტუმრა და ადგილობრივებსა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.