სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონმა სამართალდამცველები ცემაში დაადანაშაულა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დეტალებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პოლიციელებთან შელაპარაკება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნას მოჰყვა. როგორც ბექაური ამბობს, ის სპორტდარბაზიდან მოდიოდა და პირადობის მოწმობა თან არ ჰქონდა. ბექაურის თქმით, პოლიციელებმა პირველად შეურაცხყოფა მანქანაში ჩასმისთანავე მიაყენეს, ხოლო მისი ცემა სადგურის მოედანზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბექაურს დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ძიუდოისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.