სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და 2019 წლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად სამსახურის სამომავლო გეგმები გააცნო.
თოლორაიამ ორ გახმაურებულ საქმეზე გიორგი შაქარაშვილისა და ლუკა სირაძის გარდაცვალების საკითხზე ისაუბრა.
სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მის უწყებას პროცესში ჩართულმა პირმა მიმართა და ამ ეტაპზე საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
რაც შეეხება ლუკა სირაძის საქმეს, თოლორაიას განცხადებით, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რამდენიმე სამართალდამცველის მხრიდან დისციპლინური დარღვევა გამოავლინა და ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.