სახელმწიფო ფერმერებს ახალი ნერგების ღირებულებას 100%-ით აუნაზღაურებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა და პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა. უფრო კონკრეტულად კი, კომპონენტით დაფინანსდება 2020 წლის 15 ივლისიდან სტიქიური მოვლენების შედეგადად დაზიანებული ნერგების ღირებულება სრულად, პროგრამით დადგენილი სხვადასხვა კულტურის ნერგის თანხობრივი ლიმიტის ფარგლებში. ამასთან, განხორციელდება, არაუმეტეს, 50ჰა-ზე დაზიანებული ნერგების ჩანაცვლება. დაფინანსდება ბაღების კომპონენტით განსაზღვრული ნებისმიერი მრავალწლოვანი კულტურის ნერგი, მათ შორის, ვაზი (გარდა რქაწითელის ჯიშისა). დასაშვებია დაზიანებული რქაწითელის ჯიშის ნერგების ჩანაცვლება სხვა მრავალწლოვანი კულტურის ნერგებით.