სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით, დამცავი ორდერების გაცემის შემდეგ არავინ აკონტროლებს, მსხვერპლი მართლაც დაცულია თუ არა მოძალადისგან. აუდიტის სამსახურში აღნიშნავენ, რომ უფრო მეტიც, პასუხისმგებელი მხარეები ძალადობის განმეორებითი ფაქტის შესახებ თავად მსხვერპლის მიმართვის შემდეგ იგებენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აუდიტის სამსახურს მოყავს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც 2017 წელს, 2013 წელთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, რაც შესაძლოა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით იყოს გამოწვეული.