სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის შემაჯამებელ პრეკონფერენციაზე 2018 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოხილა. წლის მთავარი შეჯამება სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებით დაიწყო. ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეებს. სახალხო დამცველის შეფასებით, დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების საქმეში არ ჩატარებულა მთელი რიგი გადაუდებელი და საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ძალის პროპორციულ გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება დასრულებული არ არის. 2018 წლის 11 თვის მონაცემებით, სახალხო დამცველის აპარატში შევიდა 7 350 განცხადება. მათი უმრავლესობა სისხლის სამართლის მართმსაჯულების საკითზებს შეეხება. მიმდინარე წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 3395 მოქალაქე, ამასთან საქალაქო ტელეფონის ნომერზე დაფიქსირდა მოქალაქეებჯს 8089 ზარი.