ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული კიდევ სამი პირის მოსანახულებლად იზოლატორში ომბუდსმენის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე შევიდა. როგორც ქათამიძემ ჟურნალისტებს იზოლატორში შესვლამდე განუცხადა, პირველ რიგში დაინტერესდება, სამართალდამცავების მხრიდან დაკავებულების მიმართ ძალის გადამეტებას ხომ არ ჰქონია ადგილი. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით გვიან ღამით, სამი პირი დააკავეს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ იგივე ბრალდებით 15 პირს აღკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.