საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრის ქმედების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა. კერძოდ, სახალხო დამცველმა თეა წულუკიანის მიერ 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლისკენ მოუწოდა.
ამასთან, კომიტეტის სხდომაზე ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის შესახებ იუსტიციის მინისტრის და სახალხო დამცველის მოხსენებები დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა შეაფასა და აღნიშნა, რომ მინისტრის მხრიდან იყო მცდელობა რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს. მისივე თქმით, გამოწვევების მოგვარებაზე ორიენტირებული დისკუსიის ნაცვლად, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველზე შეტევას, პირად შეურაცხყოფას და მისი გაჩუმების მცდელობას.