ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევები მზარდია. ამის შესახებ მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილი უძრავი ქონების 40% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის. კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რუსეთის 15 ათას 133-მა მოქალაქემ დაირეგისტრირა.
ამ თვალსაზრისით, მეორე ადგილზე ირანის მოქალაქეები იმყოფებიან, კერძოდ, საქართველოში უძრავი ქონება საანგარიშო პერიოდში ირანის 5 ათას 598 მოქალაქემ დაარეგისტრირა, მას მოსდევს - უკრაინა, 2 ათას 599 მოქალაქის მიერ დარეგისტრირებული ქონებით. ქვეყნების ხუთეულში ხვდებიან ასევე: ისრაელი და სომხეთი.
მიგრაციის სამთავრობო კომისიის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საკუთრების უფლებით ძირითადად, ბინებს ირეგისტრირებენ. ამასთან, 2018 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ ბინის რეგისტრაციის შემთხვევები. ასევე გაზრდილია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევებიც, თუმცა რაოდენობრივად ბინების საკუთრების უფლებით რეგისტრაციას ბევრად ჩამოუვარდება.