საქართველოში ტვირთბრუნვა რამდენიმე წელია მცირდება. კერძოდ კი, თუ 2015 წელს გადაზიდული ტვირთების მოცულობა 44 მილიონ ტონას აღემატებოდა, 2016 წელს მათი რაოდენეობა 42 მილიონ ტონამდე, ხოლო 2017 წელს 41 მილიონ ტონამდე შემცირდა. რაც შეეხება გასულ წელს, 11 თვის მონაცემებით, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ, დაახლოებით, 37 მილიონი ტონა შეადგინა.
ტვირთბრუნვის შემცირების პარალელურად კი, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა, ფოთში, ახალი პორტისა და ტერმინალის მშენებლობის შესახებ დააანონსა, რომელიც 50 მილიონი ლარით დაფინანსდება. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ამბობენ, რომ პორტის შესახებ არანაირი წინასწარი გაანგარიშება, ციფრები და ექსპერტული დასკვნა არ მოიპოვება. ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი ხელისუფლებას, განვითარებული სახელმწიფოების მაგალითის გათვალისწინებას ურჩევს, როცა ბიზნესი, პორტის ხემლძღვანელობა და ეკონიმიკის სამინისტრო, ერთობლივად მსჯელობენ პროექტის აუცილებლობაზე.სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა ნავსადგურებმა, რკინიგზასთან ერთად საკუთარი ნიშა არ იპოვეს, კლების ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ამასთან, ცენტრში ამბობენ, რომ წელს, რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთის მოცულობა კრიტიკულ ნიშნულზეა, რაც ამცირებს ახალი პროექტების განვითარების შესაძლებლობას.