წელს ქართული თხილის ხარისხი და მოსავალი საკმაოდ კარგია. ფაროსანას შემოსევის შემდეგ თხილის წარმოება წარმატებით აღდგა და გასულ სეზონზე 33 ათასი ტონა შეადგინა, რაც ბოლო 5 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი EastFruit-ი ავრცელებს.
იზრდება, ასევე, თხილის ფასიც. 2019 წელთან შედარებით, წელს ნაჭუჭიანი თხილის ფასი 12%-ით მეტია და კილოგრამზე 2 დოლარიდან და 20 ცენტიდან 2დოლარამდე და 46 ცენტამდე გაიზარდა, ხოლო თხილის გულის ფასმა 5 დოლარიდან და 78 ცენტიდან 5 დოლარამდე და 88 ცენტამდე მოიმატა.
ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 5000 ჰექტარის თხილის ბაღი გაშენდა. ამ პლანტაციების უმრავლესობა ნაყოფს უკვე წელს გამოიღებს, რაც მომავალშიც ყოველწლიურად დამატებით 7-დან 13 ტონამდე თხილის მოსავალს უზრუნველყოფს. ამდენად, EastFruit ვარაუდობს, რომ აგვისტო-სექტემბრის სეზონზე თხილის მოსავალი ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი და ხარისხიანი იქნება.
პორტალის მონაცემებით, საქართველოს თხილის ბიზნესიდან თითქმის 80 მილიონი დოლარის შემოსავალი აქვს, რაც დაიკარგება, თუკი ფერმერებმა მოსავლის ხარისხზე არ გაამახვილეს ყურადღება.