„საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების პირველი ბრენდის სახელი უკვე ცნობილია“. ამის შესახებ დიზაინერი, გამომგონებელი ზვიად ციკოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. ცნობისთვის, პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინზე სწორედ ზვიად ციკოლია მუშაობს.
მისი ცნობით, ბრენდს "ორვო" ერქმევა, რაც ძველ კოლხურად რვას, უსასრულობას ნიშნავს. როგორც ციკოლიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ელექტრომობილების მწარმოებელ ქარხანასაც „ორვო“ ერქმევა.შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ინდუსტრიული ჯგუფი „აი გრუფის“ მიერ ქუთაისში, საქართველოს ისტორიაში პირველი ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის თანახმად, ინდუსტრიული კომპლექსი ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. საწარმოს წარმადობა 5 ათასი ელექტრომობილი იქნება. პროექტი მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით ხორციელდება.