საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი გაიზარდა. "საქსტატის" მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით 2017 წელს ჯინის კოეფიციენტი 0,01-ით გაიზარდა და 0.41 ნიშნულს მიაღწია. ჯინის კოეფიციენტის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა გაზრდილია. "ჯინის კოეფიციენტი" - ასე ჰქვია სტატისტიკურ მაჩვენებელს, რომელიც ქვეყანაში შემოსავლების უთანაბრობის საზომია. კოეფიციენტი 0-დან 1-მდე მერყეობს და რაც უფრო ახლოს არის 0-თან, მით უფრო თანაბარია შემოსავლების განაწილება, ხოლო რაც უფრო ახლოს არის მაჩვენებელი 1-თან, შემოსავლების გადანაწილება მით მეტად უთანასწოროა.