2017 წელს საქართველოში შობადობა 5,8%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 2017 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 53 ათას 293 ბავშვი შეადგინა. ქვეყანაში 27 ათას 658 ბიჭი და 25 ათას 635 გოგო დაიბადა.
ამასთან, "საქსტატის" ცნობით, ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა თბილისში, სადაც 14 ათას 906 ბავშვი დაიბადა, ხოლო ყველაზე მცირე - 341 ბავშვი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაიბადა.
აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით 2017 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 35.6 პროცენტიდან 32.7 პროცენტამდე შემცირდა. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 61.6 პროცენტიდან 64.6 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი ფაქტობრივად უცვლელი დარჩა.