საქართველოში შიდა ფრენები განახლდება. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.
24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე ჯამურად ექვსი რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე ხუთი რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე სამი რეისი შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა, ამიტომ, შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.
ავიაბილეთების ფასები არ შეცვლილა.
აგვისტოდან მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში ხუთი სიხშირით შესრულდება, ამბროლაურის მიმართულებით კვირაში სამჯერ, ბათუმის მიმართულებით კი, კვირაში ოთხი სიხშირით იქნება ფრენები შესაძლებელი.