4 თვიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. როგორც აეროპორტების გაერთიანებიდან იუწყებიან, 24 ივლისიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.
მათი ინფორმაციით, ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის 300-ზე მეტი ბილეთია სხვადასხვა მიმართულებით უკვე გაყიდული. რაც შეეხება ფასს, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე შიდა ფრენებზე ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ის 2019 წლის ნიშნულზე დარჩა.