საქართველოში შემოწმებულ ზოგიერთ პარფიუმერულ პროდუქციაში მავნე ნივთიერებები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები შეიძინეს და შესამოწმებლად საფრანგეთის ლაბორატორიაში გააგზავნეს. მათი შემოწმების შედეგად 5 ნიმუშში პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში.
კერძოდ, იმ პროდუქციის ჩამონათვალში, რომლებშიც მავნე ნივთიერება აღმოჩნდა, მოხვდნენ: ფრჩხილის ლაქი - Olivia; თხევადი ტუჩსაცხი - MAT 104 Seville; თმის საღებავი - CLAIROL; ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი - Amalfy და ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი Garnier-ი.
პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში, პროდუქტის გაფუჭებისგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად გამოიყენება. რაც შეეხება მავნე ზეგავლენას, ჭარბი ოდენობით მისმა გამოყენებამ შესაძლოა, უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემაზე.