დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, 13 მარტს საქართველოში შემოსული „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 31 მაისს გასდის.
PALITRANEWES კითხვაზე, შევძლებთ თუ არა ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე ვაქცინის ათვისებას, ზახაშვილმა განმარტა, რომ უკვე აცრილი და დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც მაისის თვეში აცრილთა მეორე დოზით ვაქცინაცია უნდა მოხდეს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ათვისება შესაძლებელი იქნება. მისივე განმარტებით, ჯერ უცნობია „ასტრაზენეკას“ იმ ვაქცინის ვადა, რომელიც საქართველოში მიმდინარე თვეს უნდა ჩამოვიდეს.
ამასთანავე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ივანე ჩხაიძის თქმით, ეს პრობლემა მასიური ვაქცინაციის დროს დადგება, როდესაც ქვეყანაში მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, თუ ვაქცინაციის პროცესი არსებული ტემპით გაგრძელდება.