2020 წლის ივნისში საქართველოში შაქრის იმპორტი 58%-ით გაიზარდა. კერძოდ, ივნისში ქვეყანამ 6 მილიონ 87 ათასი დოლარის ღირებულების 18 ათას 368 ტონა შაქარი შეიძინა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთიდან 3 მილიონ 852 ათასი დოლარის შაქარი შემოვიდა. მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია ბრაზილია, რუსეთი და პოლონეთი.
საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის ივნისში საქართველოში შაქრის იმპორტი 30-მა ბიზნეს სუბიექტმა განახორციელა, მათ შორის იყო პანდემიის პერიოდში ხელახლა გახსნილი „აგარის შაქრის კომპანია“.
რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-ივნისს, წელს ორ კვარტალში ქვეყანაში ჯამში, 25 მილიონ 599 ათასი დოლარის ღირებულების შაქრის იმპორტი განხორციელდა, ეს კი თითქმის 120%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 6 თვეში საქართველოში 11 მილიონ 201 ათასი დოლარის ღირებულების 28 ათას 912 ტონა შაქარი შემოვიდა.