საქართველოში სამუშაო პროცესში გარდაცვლილთა სტატისტიკამ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. დაღუპულთა 50%-ზე მეტი სამშენებლო სექტორზე მოდის. უბედური შემთხვევების მიზეზი დამცავი მოაჯირების, მოუვლელი ხარაჩოების, უსაფრთხოების ბადეების არ არსებობა და უსაფრთხოების სხვა ზომების დაუცველობა იყო. გასულ წელს, საქართველოში სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა; 37-მა კი მძიმე დაზიანება მიიღო. სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ბოლო ფაქტი აპრილის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. კერძოდ: სამშენებლო სამუშაოების დროს 10 მეტრის სიმაღლიდან 3 მუშა ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. აპრილის დასაწყისში კი, უსაფრთხოების წესების დარღვევამ 2 მუშის სიცოცხლე შეიწირა. არანაკლებ საგანგაშოა საწარმოო ტრავმების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა. კერძოდ; გასულ წელს, სამუშაო ადგილზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში დაღუპულია 11 ადამიანი. უსაფრთხოების ზომების დაუცველობაზე საუბრობენ თავად მეშახტეებიც.იმისთვის რომ ქვეყანაში შრომა უსაფრთხო გახდეს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ახალი კამპანია წამოიწყო სახელწოდებით ,,შრომის საზოგადოებრივი ინსპექცია“. კამპანიის მიზანია ქვეყანაში საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერება. მერეს მხრივ, მონიტორინგი გაუწიოს იმ ინსტიტუციებს, რომელსაც კანონით ევალება შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. კამპანიის ფარგლებში ამ დროისთვის უკვე შემოწმებულია 40-მდე ობიექტი
კიდევ ერთი პრობლემა რაზეც პროფკავშირებში საუბრობენ, დამსაქმებლების მხრიდან დასაქმებულების შრომითი უფლებების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, ხშირია შემთხვევები, როცა დასაქმებულებს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულება უწევთ, თუმცა, დამსაქმებლები დამატებით გასამრჯელოს არ უხდიან.შრომითი ნორმების დარღვევისა და გახშირებული უბედური შემთხვევებიდან გამომდინარე, თბილისის მერია სამშენებლო უსაფრთხოების შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ კახა კალაძემ რამდნენიმე დღის წინ განაცხადა. უფრო კონკრეტულად კი, სამშენებლო ობიექტებზე ჩატარდება ე.წ. რეიდები ისე, რომ კომპანიის წარმომადგენელს ამის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ექნება.