მიმდინარე წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 4 ლარითა და 80 თეთრით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 173 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 177 ლარი და 80 თეთრი იყო.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 1 ლარითა და 30 თეთრით არის შემცირებული. კერძოდ, 2017 წლის ივნისში ეს მონაცემი 174 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა.„საქსტატის“ მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, ივნისში 4 ლარითა და 30 თეთრით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 153 ლარი და 20 თეთრი შეადგინა, 8 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 290 ლარი და 20 თეთრი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 2 ლარითა და 20 თეთრით არის შემცირებული.