სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი "დრონი" დაარეგისტრირა. უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ფიზიკური პირია, რომელიც “დრონის" მეშვეობით საჰაერო ფოტოგადაღებას და სააგენტოს თანხმობით ცალკეულ შემთხვევებში სხვადასხვა სახის საგნების გადატანას ახორციელებს. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდი მრავალფუნქციური დანიშნულებისაა და პროფესიული საჰაერო ფოტოგადაღების გარდა, სხვადასხვა სახის ინდუსტრიაში გამოიყენება. „დრონის“ მაქსიმალური ასაფრენი მასა საშუალოდ 15.5 კილოგრამია, რა დროსაც მას 6 კილოგრამი წონის სპეციალური სასარგებლო ტვირთის გადატანის უნარი გააჩნია.
ცნობისთვის, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა 5 კილოგრამს აღემატება, რეგისტრაციას ექვემდებარება.