საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ფრინველის რაოდენობა ისევ შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტით შემცირდა და 955 ათას 400 სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 454 ათას 800 სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.3 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით1.9 პროცენტით გაიზარდა და მილიონ 200 ათას სულს მიაღწია. ღორის რაოდენობა 174 ათას 800 სულით განისაზღვრა, რაც 1.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობამ კი 8 მილიონი ფრთა შეადგინა, რაც 5.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.ამასთან, წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში რძის წარმოებამ 101 მილიონ 900 ათასი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.4 პროცენტით მეტია. ხორცის წარმოებამ 16 ათას 300 ტონა შეადგინა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 159 მილიონ 500 ათასი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით ნაკლებია.