საქართველოში დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა. გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო და ის მიკროავტობუსებს, ავტობუსებსა და მატარებლებით მგზავრობას ეხება. არ იკრძალება ქალაქიდან ქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება.
მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, 2020 წლის 24 მარტის 12:00 საათამდე ნებადართულია იმ M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომლებიც მიემართებიან დანიშნულების სადგურებამდე მგზავრების გარეშე; საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი კი განიხილება ინდივიდუალურად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.