საქართველოში კომპიუტერული მოწყობილობების იმპორტი შემცირდა, თუმცა, კონკრეტულად ლეპტოპების - გაიზარდა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში სულ 68 მილიონ 411 ათასი დოლარის კომპიუტერული ტექნიკა შემოვიდა, ხოლო მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში - 58 მილიონ 301 ათასი დოლარის. რაც შეეხება ლეპტოპებს, თუ გასული წლის 11 თვეში ჯამში 31 მილიონ 224 ათასი დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წელს მათი რაოდენობა 33 მილიონ 928 ათას დოლარამდე გაიზარდა.
ამავე მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით ნოუთბუქები შემოვიდა, ჩინეთიდან, ნიდერლანდებიდან, ჩეხეთიდან, ჰონგ-კონგიდან და შვეიცარიიდან.
ცნობისთვის, ლეპტოპებსა და დესკტოპ კომპიუტერებზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში არნახულად გაიზარდა. დიდ სავაჭრო ცენტრებში მარაგები ამოწურულია და მომხმარებლებს შეკვეთის ლოდინი თვეობით უწევთ. კომპიუტერებზე მოთხოვნის ასეთი ზრდა, პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების საჭიროებამ გამოიწვია.