საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 3 ოქტომბრის განკარგულებაშია აღნიშნული.კერძოდ, საუბარია, შპს (შეპესე) „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიზნეს სტარტაპ კრედიტზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ივლისში - 55; აგვისტოში - 53, ხოლო 9 ოქტომბრის მდგომარეობით მათი რიცხვი 50-ს შეადგენს.აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 17-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 67 მისო იყო რეგისტრირებული.