საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 12 აგვისტოს განკარგულებაშია აღნიშნული.
კერძოდ, საუბარია, შპს (შეპესე) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ სერვისზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.
მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63; მარტ-აპრილში - 61; მაისში 58 მისო ფუნქციონირებდა; ივნისში ქვეყანაში უკვე 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, 23 აგვისტოს მდგომარეობით კი მათი რიცხვი 54-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 17-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში 71 მისო იყო რეგისტრირებული.