ადგილობრივ ბაზარზე სათბურის ახალი კარტოფილი წელს, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით იაფია, ამასთან, მარაგი დიდია, იმპორტის მაჩვენებელი კი, სულ უფრო იზრდება. არსებულ ვითარებას, East fruit-ის ანალიტიკოსები აკვირდებიან და მიზეზების გარკვევას ცდილობენ.
მათი შეფასებით, საქართველოში კარტოფილის მწარმოებლებისთვის 2020/2021 წლების სეზონი გაცილებით ნაკლებად მომგებიანი იქნება. უფრო მეტიც, ანალიტიკოსების აზრით, 2020 წლის კარტოფილის მარაგების გაყიდვას ყველა ვერ შეძლებს, რადგან მარაგების ფონზე კარტოფილის იმპორტის მაჩვენებელი დიდია.
East-Fruit- ის მიერ ჩატარებული საბითუმო ფასების მონიტორინგი აჩვენებს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარტოფილის ფასები დოლარში საშუალოდ 49%-ით შემცირდა, ხოლო ლარში 37%-ით. ანალიტიკოსების დაკვირვებით, 2020 წლის და 2021 წლის ფასებში ასეთი მნიშვნელოვანი განსხვავება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღა 2020 წელს დაიწყო ამ პერიოდში მოსახლეობა საკვებს პანიკურად ყიდულობდა.