თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 220 რვამეტრიანი ავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. მერიის სატრანსპორტო კომპანიამ გამარჯვებულ "ჯი-თი გრუპთან" ხელშეკრულება 24 აპრილს გააფორმა. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი ერთი მარკისა და ერთი მოდელისაა. კერძოდ, საუბარია ISUZU-ს მარკის ავტობუსებზე. ავტობუსების გამოშვების თარიღი 2019 წელია, მათ მიერ გავლილი მანძილი კი 2 ათას 800 კილომეტრს არ აღემატება. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, ავტობუსების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 8 თვეა.სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 79 მილიონ 564 ათას 320 ლარი იყო, "ჯი-თი გრუპის“ მიერ შეთავაზებული თანხა კი 64 მილიონ 790 ათასი ლარია.