შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2021 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 86.1 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო, ხოლო 4.4 პროცენტული პუნქტით სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად, 91.4 და 78.9 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი, რეგიონების მიხედვით, აჭარასა და თბილისში დაფიქსირდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 77.4 პროცენტმა, რაც 3.4 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.