2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა 20 ათას 811 უცხოელს აქვს მინიჭებული, საიდანაც 44% ანუ 8 ათას 889 მოწმობა რუსეთის მოქალაქეებზეა გაცემული. ამის შესახებ მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული.
16%-ით მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, მუდმივი ბინადრობის მოწმობა აზერბაიჯანის სულ 3 ათას 189 მოქალაქეზეა გაცემული. 2 ათას 211 მოწმობაა გაცემული სომხეთის მოქალაქეებზე, ათას 718 მოწმობა - უკრაინის, 3 ათას 946 კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.
რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობებს, კვლევის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სულ გაცემულია 31 ათას 356 მოწმობა. დროებითი ბინადრობის მოწმობებით ლიდერობენ ირანის მოქალაქეები. კერძოდ, მათზე 7 ათას 279 მოწმობაა გაცემული, შემდეგია ინდოეთი - 5 ათას 951 მოწმობით, მესამე ადგილზე კი რუსეთია - 4 ათას 28 მოწმობით.
აღსანიშნავია, რომ როგორც რაოდენობრივად, ისე წილობრივად ბოლო ოთხ წელიწადში გაზრდილია ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებებიც, რომელთა წილი მიღებულ გადაწყვეტილებებში 3%-დან 23%-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, 2015-2018 წლებში გაცემული ბინადრობის ნებართვების ყველაზე დიდი წილი შრომით და სასწავლო ბინადრობის ნებართვებზე მოდის, რომლებიც დროებითი ტიპის ნებართვებს მიეკუთვნება.