საქართველოში გამოვლენილ ყალბ ბანკნოტებში პირველ ადგილზე 100-ლარიანია. კერძოდ, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ყალბი ბანკნოტების მთლიან მოცულობაში 100-ლარიანების წილი 34,7%-ს შეადგენდა. მეორეზე 50-ლარიანი იყო - 21,9%-ით, მესამეზე კი 20-ლარიანია - 16,6%-ით.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს ექსპერტიზა კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან გაგზავნილ და ფიზიკური პირების მიერ მიწოდებულ 9 ათას 30 ცალ საეჭვო ფულის ნიშანზე ჩატარდა, მათგან 6 ათას 737 კი ყალბი აღმოჩნდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 5.5 პროცენტით, ხოლო ამერიკული დოლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 3.3 პროცენტით შემცირდა. ამასთან, ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 5.3 პროცენტით, ხოლო სხვა უცხოური ყალბი ვალუტების რაოდენობა 5.9 პროცენტით არის გაზრდილი.