საქართველოში ძიძობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ამის შესახებ ჩანაწერი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კანონპროექტშია გაკეთებული, რომლის პირველი მოსმენა პარლამენტში უკვე გაიმართა.
როგორც პროექტშია აღნიშნული, სერტიფიცირებულ მომვლელს უფლება ექნება, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან შესაბამისი მხარდაჭერა მიიღოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება. დოკუმენტის თანახმად, ბავშვის მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერთიფიცირების პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაუწევს ორგანიზებას.
ცნობისთვის, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი პარლამენტში 2019 წლის 13 თებერვალს წარადგინეს, მისი ავტორები პარლამენტის წევრი სოფო კილაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა არიან.